თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს
ირაკლი პერტენავას და „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს ზურაბ ფიფიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ირაკლი პერტენავას ადვოკატმა ლევან სამუშიამ განუცხადა, სასამართლომ პატიმრობა აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა, რაც არასამართლებრივია.
„სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა, რაც მიმაჩნია, რომ უკანონოა და საერთოდ, აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება არ შეიძლებოდა ამ საქმეზე, ვინაიდან საქმეში არ არსებობს არანირი მტკიცებულებები იმისა, რომ დადგინდეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა“- განუცხადა „ნიუსპრესს“ სამუშიამ.
მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
შსს-მ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია 27 ივნისს დააკავა.
შსს-ს ცნობით, დაკავებულები სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ კი, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის კახა ბაღათურიას „გადაბირების" მცდელობაში არიან ეჭვმიტანილნი.
