რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მოქალაქე დ.ტ.-ს
წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც სინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 31 ივლისს, ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ტ.-მ ძელის საშუალებით, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სასტიკად სცემა დაბმული ძაღლი. მიყენებულმა დაზიანებებმა ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.
პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებული დ.ტ.-სთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა და 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე“- ნათქვამია განცხადებაში.
