არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ფინანსათა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ბიზნესის წარმოების შეფერხებაში ადანაშულებს.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარემ თამარ გაბისონიამ განაცხადა, საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობა, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დასაშვები იარაღების პარამეტრებს დაარეგულირებდა, ინდივიდულურ მეწარმეებს აზარალებს.
„მეწარმეები თავისუფალ სამეწარმეო საქმიანობას ვერ ახორცილებენ, რასაც სასამართლოს მიერ მიღებული ფორმალური გადაწყვეტილებები ემატება“ - აღნიშნა გაბისონიამ.
მისი თქმით, 2011 წლის დეკემბერში, „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ ინდმეწარმე გრიგოლ ხელაძემ მიმართა, რომელსაც შემოსავლების სამსახურმა პნევმატური იარაღის, მისი ნაწილებისა და ტყვიების განბაჟებაზე უარი უთხრა.
ხელაძის ინფორმაციით, მას პნევმატური იარაღი ადრეც შემოუტანია, თუმცა, პრობლემა არ შექმნია. ახლა კი, მისი თქმით, მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, შემოსავლების სამსახური მის განბაჟებაზე უარს აცხადებს.
იურისტ რუსუდან მჭედლიშვილის განმარტებით, გასაჩივრების შემდეგ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა საკითხის გადახედვა კვლავ შემოსავლების სამსახურს დაავლეს.
„სააპელაციო სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მას უზენაესში გავასაჩივრებთ და კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ შემოსავლების სამსახურს ტვირთვის განბაჟება დაევალოს და არა საკითხის გადახედვა“ - აღნიშნა მჭედლიშვილმა.
მისივე თქმით, გაუგებარია შემოსავლების სამსახურის შერჩევითი მიდგომა მეწარმების მიმართ, რადგან საქართველოში პნევმატური იარაღი დღემდე შემოდის.
