არასამთვრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართალდამცავ სტრუქტურებს აჭარაში ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის ფაქტებზე რაგირებისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, ტრეფიკინგის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების დუმილი, საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზაციის წინაპირობებს ქმნის.
მისი თქმით, საქართველო შავიზღვისპირეთში ტრეფიკინგის ფაქტების შექმნითა და კრიმინალური ბიზნესის დაუსჯელობით საერთაშორისო სკანდალის ზღვარზეა.
როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, გამოძიების მიღმა რჩება გონიოში 27-მდე სასტუმროს რეალური დანიშნულება, რომელთა მფლობელები თურქი ეროვნების მოქალაქეები არიან.
„არაოფიციალურ ბორდელებში შუა აზიიდან ჩამოსული 500-მდე ქალბატონი მუშაობს. ადგილობრივთა განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში შექმნილი ვითარება უზნეობის გაუგონარ მაგალითია. ყოველდღიური ხასიათი აქვს ტრეფიკინგის მსხვერპლთა ცემას. ანალოგიური ვითარებაა ბათუმსა და ქობულეთშიც“ - განაცხადეს ორგანიზაციაში და აღნიშნეს, რომ აჭარაში მსგავსი დაწესებულებების მომრავლება თურქეთში აღნიშნული ბიზნესის აკრძალვამ გამოიწვია, შესაბამისად, კრიმინალურმა ბიზნესმა აჭარის ტერიტორიაზე გადმოინაცვლა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართალდამცავი ორგანოებისგან გამოძიების დაწყებას მოითხოვენ, ასევე, მიმართავენ საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.
„სამწუხარო რეალობის წინაშე ვართ, ვინაიდან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიშში საქართველო ტრეფიკინგის წყაროდ და სატრანზიტო ქვეყანად დასახელდა“- განაცხადეს ორაგანიზაციაში და აღნიშნეს, რომ თუ სახელმწიფო დროულად არ დაიჭერს პრინციპულ პოზიაციას, საზოგადოებაში გაჩნდება ეჭვი, რომ პროსტიტუციის ლეგალიზება ხდება.
„ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიაჩნიათ, რომ თუ ეს ასეა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს და აღნიშნულ საკითხზე ჯანსაღი დისკუსია დაიწყოს.
