„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ოთარ კახიძეს მოსამართლემ 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ამ საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართა, რომელსაც კახიძეც ესწრებოდა.
ჯარიმასთან ერთად სანქციის სახით ოთარ კახიძეს იარაღის ტარება ერთ თვით აეკრძალა.
როგორც კახიძემ სასამართლოში შესვლამდე განაცხადა, იგი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს.
„მე ნებისმიერ შემთხვევაში არ ვაპირებ სასამარრთლოს გადაწყეტილების გასაჩივრებას. ერთი იმიტომ, რომ კანონთან შესაფერისი იქნება და მეორე დამოკიდებულია მოსამართლის შინაგან რწმენაზე. ზოგადად იარაღს კანონიერად ვატარებ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ აქციაზე უნდა წამეღო. ეს ჩემი წინდაუხედაობა და შეცდომაა, რომლითაც დაირღვა კანონი. ამას მოსდევს შესაბამისი პასუხისმგებლობა. ამიტომაც ვარ სასამართლოში. მე ვთანამშრომლობ სასამართლოსთან. მივაწოდე ყველა ინფორმაცია“- განაცხადა კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს ოთარ კახიძე „ევროპული საქართველოს“ მიერ გამართულ აქციაზე იარაღით მივიდა.
