შსს: საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ პერმანენტული გადაადგილების ინიციატივა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია
 შსს: საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ პერმანენტული გადაადგილების ინიციატივა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია
14:36 25.07.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს შეხვდნენ, რომლებიც საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულ გადაადგილებას გეგმავენ.

ამასთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენი უწყების წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს განუმარტეს ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი.

საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“- ნათქვამია განცხადებაში.


ბეჭდვა