ზაქარია ქუცნაშვილი - ხელისუფლება დროს წელავს, რათა ივანიშვილი საარჩევნო პროცესში ვერ ჩაერთოს
ზაქარია ქუცნაშვილი - ხელისუფლება დროს წელავს, რათა ივანიშვილი საარჩევნო პროცესში ვერ ჩაერთოს
11:17 29.06.2012
ხელისუფლება დროს წელავს, რათა კოლიაცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ვერ მიიღოს მოქალაქეობა და საარჩევნო  პროცესში ვერ ჩაერთოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ იურისტმა ზაქარია ქუცნაშვილმა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ შეგნებულად გააჭიანურა ივანიშვილის მოქალაქეობასთნ დაკავშირებული პროცესი, მისი განხილვა საჩივრის შეტანიდან 6 თვის შემდეგ დაიწყო, რათა შემდეგ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისთვის მოქალაქეობაზე უარი ეთქვა.
„ამ გადაწყვეტილებას ღიმილით შევხვდი, იქიდან გამომდინარე, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ჩვენი ეჭვი, თუ რის გამო აჭიანურებდა 6 თვის განმავლობაში ჩვენი საჩივრის განხილვას. მიზანი მარტივია - ისინი წელავენ დროს იმისთვის, რომ ივანიშვილმა ვერ მიიღოს მოქალაქეობა და როგორც საქართველოს მოქალაქე საარჩევნო პროცესში ვერ ჩაერთოს“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით უცვლელი დარჩა.

ბეჭდვა