ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ოთარ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
14:02 14.07.2017
თბილისის მერიის მაღალჩინოსანს, ოთარ აბესაძეს, რომელიც ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
განაჩენის გამოცხადებამდე, ოთარ აბესაძემ მოსამართლეს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მზადაა გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის და გათავსუფლების შემთხვევაში მიმალვას არ აპირებს.
„მინდა ოჯახს მეგობრებს და საზოგადოებას სინანულით მოვუხადო ბოდიში. არ წარმოვადგენ მე იმ საშიშროებას, საფრთხეს, რომ საქმის მსვლელობას შევუშალო ხელი. მქონდა პროგრესული თანამდებობები, ვკითხულობ ლექციებს, არავინ მომცემს იმის უფლებას, რომ მივიმალო. არ წარმოვადგენ იმ ადამიანს, ვინც შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ საქმეს. სინანულით ვსაუბრობ და მზად ვარ ვითანამშრომლო. დუმილის უფლებასაც ვინარჩუნებ იქამდე, სანამ საქმის განხილვა დაიწყება. აუცილებლად ჩავერთვები საქმეში. არ ვარ ცუდი ადამიანი“- განაცხადა აბესაძემ.
შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძე რამდენიმე დღის წინ 3 000 აშშ დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ბეჭდვა