შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ
დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველო თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ბრალდებით, 1955 წელს დაბადებული გ.კ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გ.კ.-მ მოქალაქეს „აკმ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 60 საბრძოლო ვაზნა 1500 აშშ დოლარად მიჰყიდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, ხოლო მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას - აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ფაქტს გულისხმობს.
