კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების სააპელაციო სარჩელზე - პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე - სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოიტანს.
როგორც „ნიუსპრესს“ ივანიშვილის ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, გამონაკლისის წესით მოქალაქეობა მინიჭებული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის ჩამორთმევის წესს არ ითვალისწინებს და ეს საკმარისზე მეტი არგუმენტია იმისთვის, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდეს.
„არცერთ პირს, მათ შორის პრეზიდენტს არ აქვს უფლება კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს გასცდეს. თუ სასამართლო აღიარებს და დაადასტურებს, რომ კანონით, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობა მინიჭებული პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უფლებამოსილება პრეზიდენტს არ ჰქონდა, მაშინ გამოდის, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება უკანონოა“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ქუცნაშვილმა და განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე მუხლის თანახმად, უფლებამოსილების გარეშე გამოცემული აქტი ბათილია.
როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, საქმეში არსებობს დამატებითი საფუძვლებიც, როგორიცაა ის ფაქტები, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა ადმინისტრაციული პროცედურების ჩატარების გარეშე მოხდა, ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუთხოვიათ არანაირი მტკიცებულება და დაინტერესებულ პირს ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ყოველგვარი შეტყობინების გარეშე ჩამოართვეს.
„არ არსებობს საქართველოს იტორიაში ანალოგიური შემთხვევა. ივანიშვილის საქმე უნიკალურია, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საგამონაკლისო წესით მოქალაქეობამინისჭებული პირისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევას. ჩვენ ყველა არგუმენტი გვაქვს იმისათვის, რომ ხვალ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას ველოდებოდეთ“- აღნიშნა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საქმე შემდეგი ინსტანციის სასამართლოში - უზენაესში გასაჩივრდება, ხოლო შემდეგ - ევროსასამართლოში.
„ამიტომ წელავენ დროს. იანვარში შეტანილი საჩივრის განხილვა ივნისში დაიწყო. როცა ვკითხე სხდომაზე მოსამართლეს მიზეზის შესახებ, ის პასუხს გაექცა. საინტერესოა, რატომ ედოთ საქმე 5 თვე ნახევრის განმავლობაში და არ იხილავდნენ, როცა თვითონ სურთ, სხდომებს 5 დღეში ატარებენ“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ქუცნაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები 2011 წლის 11 ოქტომბრის პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად გამოცხადებას ითხოვენ, რაც ავტომატურად, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას გამოიწვევს.
გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ხვალ 10:00 საათზე უნდა გამოაცხადოს.
