„ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებული მოქალაქეები დაკითხვაზე იმყოფებიან
„ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებული მოქალაქეები დაკითხვაზე იმყოფებიან
16:46 28.06.2012
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებული მოქალაქეები ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ფონდის თავმჯდომარემ ია მეტრეველმა განუცხადა.

მეტრეველის ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომელთაც „ქომაგიდან“ ფინანსური დახმარება მიიღეს, კითხვებს აღნიშნული თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით უსვამენ.

„დაკითხვიდან გამოსული ერთ-ერთ მოქალაქის განცხადებით, მას ეუბნებოდნენ, რომ თანხებს იღებდა ტერორისტული დაჯგუფებებისგან, რომლებიც ფულს ათეთრებდნენ“-აღნიშნა მეტრეველმა.

მისივე თქმით, დაკითხვაზე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები, რომელთაც ფონდ „ქომაგს“ დახმარებისთვის მატერიალური გაჭირვების გამო მიმართეს.

„ესენი არიან პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული, ხელისუფლების მიერ განადგურებული და სიღარიბის ზღვას მიღმა მყოფი ადამიანები. მათ ელემენტარული ლუკმა-პურის ფული არ აქვთ. ისედაც სასოწარკვეთილი ხალხი კი, დღეს უარეს მდგომარეობაში ჩააგდეს, დაკითხვაზე გამოძახებით მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ“-განაცხადა მეტრეველმა.

მისი ინფორმაციით, დაკითხვაზე 15-მდე ადამიანი იმყოფება, რომელთა უფლებებს სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციის ადვოკატები იცავენ.

როგორც მეტრეველმა აღნიშნა, დაყადაღდა დაკითხვაზე მყოფი პირების ანგარიშებიც.

რაც შეეხება ფონდ „ქომაგში“ თანხის გადმომრიცხველ პირებს, მათი ვინაობა მეტრეველისთვის ცნობილი არ არის.

„ჩვენ დახმარების მსურველ ხალხზე ინფორმაციას ემიგრანტებს ვაწვდიდით. თავის მხრივ, ისინი ვის მიმართავენ დახმარებისთვის, ეს მე არ ვიცი“-აღნიშნა მეტრეველმა.

მისივე თქმით, მას ემიგრაციაში მყოფ ყოფილ პარლამენტართან, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან არავითარი კავშირი არ აქვს.

„ქომაგთან“ დაკავშირებით განცხადება საქართველოს პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ ფონდ „ქომაგის“ მიერ დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე, უცხოეთიდან თანხების საეჭვო ვითარებაში გადარიცხვის შემთხვევები დააფიქსირა.

„ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახეზე ამომრჩევლის მოსყიდვის ახალი სქემაა, რომლის განხორციელებაშიც კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები მონაწილეობს“-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნული თანხების მიმღები პირები მოწმის სტატუსით არიან გამოძახებული.


ბეჭდვა