ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით საქმე 187-ე მუხლით აღიძრა
ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით საქმე 187-ე მუხლით აღიძრა
11:13 03.07.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ე.წ.ელიავას ბაზრობაზე წუხელ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ აგლაძის ქუჩაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია იწვოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ.

2500 კვ/მ-მდე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

მიუხედავად ხანძრის მასშტაბებისა, მეხანძრეების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზება მოხდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო–სამაშველო ჯგუფები, პრევენციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ შემთხვევის ადგილზე პატრულირებას.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

ბეჭდვა