არასამთავრობო ორგანიზაციები - აუცილებელია ნარკოკანონმდებლობის დახვეწა
არასამთავრობო ორგანიზაციები - აუცილებელია ნარკოკანონმდებლობის დახვეწა
13:42 28.06.2012
საქართველოს ნარკოკანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებში უფლებადამცველი ორგანიზაციების კომენტარები არ იყო გათვალისწინებული.
ამის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, პრესკონფერენციაზე კოალიცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში“ გაერთიანებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს.
მათი თქმით, კანონის საბოლოო ვარიანტში აღნიშნული ცვლილებები გათვალისწინებული არ არის, რის შედეგადაც არ მოხდა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, მკაფიოდ არ განისაზრვრა წამალდამოკიდებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის დაფინანსების წყაროები, ასევე, არ გაიმიჯნა მომხმარებლისა და გამსაღებლის კანონის წინაშე პასუხიმგებლობის ზღვარი.
როგორც „ალტერნატივა ჯორჯიას“ თავჯდომარემ დავით ოთიაშვილმა აღნიშნა, ინიცირებული ვარიანტით სახელმწიფო ვალდებულებას იღებდა ნარკოდანაშაულის გამოვლენის შედეგად ამოღებული ჯარიმების მინუმუმ 20% წამალდამოკიდებულთა მკურნალობა- რეაბილიტაციაზე მიემართა, თუმცა, ეს არ დაფიქსირდა.
მისივე თქმით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხა გადაიხედა, მასში მხოლოდ ორი ცვლილება მოხდა, რომელთა მიხედვით, ჰეროინსა და მეტადონს განესაზღვრა მცირე დოზა 0.2 გრამის სახით. „აქვე გაკეთდა დათქმა, რომ ამ შემთხვევაში, ნუსხაში აღნიშნულ მცირე ოდენობაზე ნაკლების ფლობაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ზღვრად ჩაითვლება“ - განაცხადა მან.
როგორც აღინიშნა, რომ პრობლემის გადაჭრის ყველაზე ეფექტური გზა, ამ შემთხვევაში ის არის, რომ ამ ადამიანებს დაეხმარონ მკურნალობა-რეაბილიტაციაში და ამ კუთხით თანხების მობილიზაციაში, ვიდრე ნარკოტიკების მომხმარებლის დასჯა-დაპატიმრება.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს დაინტერესებულ მხარეებს კანონმდებლობის დასახვეწად მუშაობა განაახლონ და აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.

ბეჭდვა