საია სამართალდამცავებს შიდა ქართლის რეგიონში მომხდარი ძალადობის პრევენციისკენ მოუწოდებს
საია სამართალდამცავებს შიდა ქართლის რეგიონში მომხდარი ძალადობის პრევენციისკენ მოუწოდებს
18:20 27.06.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართალდამცავებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთსა და  ქარელის მუნიციპალიტეტში პოლიტიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე წარმოშობილი ძალადობის პრევენციას სთხოვს.
როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, მერეთში შეკრებილი ადამიანების ერთი ჯგუფი აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავდა სოფელში ამომრჩევლებთან შესახვედრად ჩასული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას მიმართ.
საია-ს ინფორმაციით, მოქალაქეებს შორის უთანხმოება ხელჩართულ ჩხუბსა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.
„ფიზიკური შეხლა-შემოხლა საზღვრისპირა სოფლის გასწვრივ მოხდა, სადაც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები მუდმივად პატრულირებენ, თუმცა, პოლიციას ძალადობის თავიდან ასაცილებლად არავითარი ღონისძიება არ გაუტარებია“ - აცხადებენ საია-ს წარმომადგენლები.
მათი ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევაში, პოლიციამ პოზიტიური ვალდებულება დაარღვია იმით, რომ დაპირისპირებულ მხარეთა შორის არ ჩადგა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაუშვა.
„პოლიციამ ოთხი პიროვნება - ლაშა ჭიღლაძე, ალექსანდრე ოდიშვილი, ალექსანდრე კიკოლაშვილი და დავით ბზიშვილი დააკავა. საია-ს ადვოკატები გორის რაიონულ სასამართლოში ალექსანდრე კიკოლაშვილისა და დავით ბზიშვილის ინტერესებს იცავდნენ. სასამართლოში ვიდეომასალის სახით წარდგენილი მტკიცებულებიდან ირკვევა, რომ დავით ბზიშვილი არათუ ჩართული არ არის ძალადობის აქტებში, არამედ მას, წაქცეულ მდგომარეობაში მყოფს, თავდამსხმელები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ“ - ცხადებენ საია-ში.
საია აღნიშნულ კონტრდემონსტრაციაში საჯარო მოხელეების მონაწილეობით და მათი ქცევით შეშფოთებულია.
მისივე ინფორმაციით, საჯარო მოხელეებმა უცენზურო გამონათქვამებით იმავე დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ასევე ჩაშალეს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი სხვა აქტივობაც.
საია-ს ცნობით, დირბში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამართულ შეკრებაში უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნული სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ჰამლეტ დავრაშელიძე, ასევე, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა თანამშრომლები. მათი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის და ჟურნალისტების მიმართ ძალის გამოყენების იზოლირებული შემთხვევები დაფიქსირდა.
საია-ს წარმომადგენლები გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების გამგებლებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვისა და ამ პრინციპის დამრღვევი პირების მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებისკენ მოუწოდებს.


ბეჭდვა