თბილისის საქალაქო სასამართლომ ფონდ „ქომაგის“ შემომწირველს, ემიგრაციაში მყოფ ბიძინა გიორგობიანს ფონდში გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობის გადახდა დააკისრა.
როგორც „ნისუპრესს“ ფონდის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა, გიორგობიანს კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმა გაუნახევრეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგობიანს ფონდში გადარიცხული თანხის ათმაგი ოდენობის ნაცვლად, ხუთმაგი ოდენობის გადახდა მოუწევს.
მისივე ცნობით, რაც შეეხება ფონდს, მოსამართლე თამარ ონიანის გადაწყვეტილებით, „ქომაგმა“ ბიძინა გიორგობიანის მიერ მის ანგარიშზე გადარიცხული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს.
„ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ. როგორც მოსამართლემ განგვიცხადა, დადგენილების გასაჩივრებისთვის 10 დღის ვადა გვაქვს“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ბარათაშვილმა.
ფონდ „ქომაგის“ შემომწირველი ბიძინა გიორგობიანი კონტროლის პალატამ ფონდის ანგარიშზე გადარიცხული 85.000 ევროს ათმაგი ოდენობით დააჯარიმა.
კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგი“ მისი საჯაროდ გაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთანაა“ დაკავშირებული და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 261-ე მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტია.
