თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობა დაბალია
თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობა დაბალია
13:44 27.06.2012
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობა დაბალია.

როგორც ჩუგოშვილმა ევროპის საბჭოს მიერ სასამართლოს მომსახურების ხარისხის კვლევის შედეგების შეფასებისას აღნიშნა, გამოკითხულთა უმრავლესობა სამოქალაქო საქმეების მომხმარებლები არიან და მასში სისხლის სამართლის საქმეების წილი ძალიან დაბალია.

“საკმაოდ საინტერესო კვლევებია, რადგან არაერთგვაროვანი შედეგებია ნაჩვენები, რომლის მიხედვითაც მომხმარებლების მხრიდან სასამართლოსადმი ნდობა იზრდება, თუმცა, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, ქართული სასამართლოს მიმართ ასეთ ნდობაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან ის ძალიან დაბალია“ - აღნიშნა საიას თავმჯდომარემ.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდა იურისტებმა სისხლის სამართლის საქმეებზე კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები პროკურატურის მიმართ სრულად ლოიალურები არიან.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს კვლევების მიხედვით, 5 ქულიან შეფასებაში მოსამართლეების მიუკერძოებლობა 4.2 ქულით შეფასდა, მოსამართლეების კომპეტენტურობა 4.3 ქულით და მათდამი ნდობა 4.1 ქულით. ნდობის ქვეკრიტერიუმების მიხედვით კი, ყველაზე დაბალი შეფასება მოსამართლეებმა თბილისში და ბათუმში მიიღეს, ხოლო ყველაზე მაღალი შეფასება გორში და რუსთავში.

ბეჭდვა