კონსტანტინე კუბლაშვილი - სასამართლოს მოქალაქეების 85% ენდობა
კონსტანტინე კუბლაშვილი - სასამართლოს მოქალაქეების 85% ენდობა
13:18 27.06.2012
ევროპის საბჭოს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქართული სასამართლოს მომსახურების ხარისხი ხუთ ქულიან შკალაზე 4.6 ქულით შეფასდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ტანია ვანდეიკმა გამართეს.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, კვლევის შედეგებმა ნათლად აჩვენა სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების შედეგიანობა.

„გამოკითხული რესპოდენტთა 85% სასამართლოს ენდობა, რაც ძალიან მნიშვნელოავნია. თუმცა, არის რაღაც შენიშვნებიც, რომელიც კვლევისას გამოიკვეთა და მისი გათვალისწინება სამომავლოდ აუცილებლად მოხდება“ - აცხადებს კუბლაშვილი.

კვლევა 2012 წლის მაისში ექვს ქალაქში - თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმში ჩატარდა.

სულ გამოიკითხა 2011 რესპოდენტი, რომელთა ძირითად ნაწილს მოსარჩელე, მოპასუხე და მოსარჩელე მხარის ოჯახის წევრი შეადგენდა, ასევე, საჯარო ინფორმაციის ან დოკუმენტის მაძიებელი პირი.

ხუთ ქულიანი შეფასებიდან, სასამართლოს მომსახურე პერსონალმა 4.6 ქულა მიიღო. მოსამართლეების მიუკერძოებლობა 4.2 ქულით შეფასდა, კომპეტენცია კი - 4.3 ქულით.

სასამართლოს დამოუკიდებლობას მოქალაქეებმა 4.6 ქულა მიანიჭეს.




ბეჭდვა