შსს-მ „ქართული ოცნებისა“ და „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები დააკავა
შსს-მ „ქართული ოცნებისა“ და „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები დააკავა
12:12 27.06.2012
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დღეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის  თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, აღნიშნული პირები სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მზადებაში არიან ეჭვმიტანილნი, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-332-ე მუხლის პირველი ნაწილითაა გათვალისწინებული.
შსს-ს ინფორმაციით, ირაკლი პერტენავა და ზურაბ ფიფია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს I განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსი ოპერატიული თანამშრომლის კახა ბაღათურიას „გადმობირებას" ცდილობდნენ.
მათივე ინფორმაციით, ბაღათურიასთან საუბარში ზურაბ ფიფია, რომელიც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელია, ფინანსური ანაზღაურებისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დაგეგმილი და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ მას შსს-დან ინფორმაციის მოწოდებას სთავაზობს.
განცხადებიდან ირკვევა, რომ კიდევ ერთი საუბრის დროს, ირაკლი პერტენავა ბაღათურიას ატყობინებს, რომ ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით მათ სხვადასხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებში - „ბრელოკი", გასაღები, ქამრის ბალთა - ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა აქვთ შემოტანილი.
შსს-მ ამის შესახებ ფარული ვიდეო ჩანაწერი უკვე გაავრცელა.

ბეჭდვა