სასამართლომ მერეთის ინციდენტში მონაწილე პირებს 10 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლომ მერეთის ინციდენტში მონაწილე პირებს 10 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
10:13 27.06.2012
პოლიციამ სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 პირი დააკავა.
ლაშა ჭიღლაძეს, ალექსანდრე ოდიშვილს, ალექსანდრე კიკოლაშვილს და დავით ბზიშვილს  გორის რაიონულმა სასამართლომ ათი დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 26 ივნისს, კოალიცია "ქართული ოცნების" მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება პოლიციამ მოახდინა.
მათივე ცნობით, ინციდენტის დროს, სიტყვიერ შეურაცხყოფას შეხლა-შემოხლა მოჰყვა და აღნიშნულმა პირებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ზემოთ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სინამდვილეს არ შეეფერება“- ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას გორის რაიონის სოფელ მერეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ორი მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ შორის, ერთი გოგონაა.
კოალიციაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე პროვოკაცია ხელისუფლებამ მოაწყო. მათივე თქმით, კოალიციის ლიდერებთან შესახვედრად ბევრი ხალხი გამოვიდა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ელოდნენ, ამიტომ დაპირისპირების პროვოცირებისთვის პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ბეჭდვა