„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა“ და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა სარჩელი დღეს სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
როგორც „ნიუსპრესს“ ქდმ-დან აცნობეს, მოძრაობის წევრები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჯერ უზენაეს სასამრთლოში, ხოლო საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში ევროპის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ქდმ-ს ინფორმაციით, საქმე კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა სარჩელს ეხება, რომლებსაც სახელმწიფომ წლების წინ ბინების აშენების პირობა მისცა. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის თქმით კი, ეს პირობა დღემდე არ შესრულებულა.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ადამიანების ყველანაირად დასაბუთებულ და არგუმენტირებულ მოთხოვნაზე იმასთან დაკავშრებით, რომ სახელმწიფომ და ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავოს ამ აღიარებული შიდა ვალის გასტუმრების წესი, სასამართლო დადგენილებას ჯიუტად არ იღებს. ყველა კანონიერ მეთოდს გამოვიყენებთ და ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ქდმ ფინანსთა სამინისტროსაც მიმართავს და მოითხოვს დროულად გაიწეროს ვალის გადახდის სქემა.
საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა რაოდენობა 8 ათასს აღწევს. ისინი სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული დავალიანების გასტუმრების კონკრეტული დოკუმენტის შემუშავებას მოითხოვენ.
