კონტროლის პალატა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს
კონტროლის პალატა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს
17:59 26.06.2012
საქართველოს კონტროლის პალატამ პარტიებზე მონიტორინგის პროცესში დაადგინა, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკურ პირთან  - ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ,,ქართუმ“ 16,292,00 ლარი მოქალაქე უშანგი კუზანაშვილს გადაურიცხა.
ამის შესახებ განცხადებას კონტროლის პალატა ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ უშანგი კუზანაშვილი აღნიშნული ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებამდე სამი დღით ადრე, პოლიტიკურ ორგანიზაციაში ,,ქართული ოცნებაში“ გაწევრიანდა.
„უშანგი კუზანაშვილის და ფონდი ,,ქართუს“ ქმედებათა შინაარსი და დროის მოკლე მონაკვეთში მათი განხორციელების ქრონოლოგია ქმნის საფუძველს ეჭვისთვის - აკრძალული საშუალებით ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედების შესაძლებლობის შესახებ, რაც ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო დანაშაულებრივი ნიშნების არსებობაზე მიუთითებს“- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ კონტროლის პალატამ, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე, შემდგომი რეაგირების მიზნით, აღნიშნულ ფაქტზე არსებული დოკუმენტური და ვიდეო მასალა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.
საქართველოს კონტროლის პალატაში აცხადებენ, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მანდატის შესაბამისად, კონტროლის პალატა პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს და ამავე კანონის თანახმად, მონიტორინგის პროცესში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საკითხის შესწავლის მიზნით პროკურატურის ორგანოებს მიმართავს.

ბეჭდვა