კასპის რაიონის სოფელ დოესში გამართული აქციის ორგანიზატორების გიორგი და ტარიელ ოხანაშვილების დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, 26 ივნისს გიორგი და ტარიელ ოხანაშვილები პოლიციამ დააკავა, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად ტარიელ ოხანაშვილს 45 დღით, ხოლო გიორგი ოხანაშვილს 35 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვებ-გვერდებზე ,,qartli.ge”-ზე და ,,info9.ge”-ზე განთავსებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია კასპის რაიონის სოფელ დოესში, მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირება.
შსს-ს ცნობით, ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ამავე სოფელში მცხოვრები გიორგი ოხანაშვილი და ტარიელ ოხანაშვილი სხვა პირების თანდასწრებით ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ გიორგი რაზმაძეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კასპის რაიონულ სამმართველოში წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დაიწყო“- ნათქვამია განცხადებაში.
