ტყიბულში მინდელის შახტში გარდაცვლილი მეშახტეების ცხედრებისა მიმდინარე სამძებრო სამუშაოები დღეს დილით დასრულდა.
ოთხი გარდაცვლილი მეშახტის ცხედარი ტყიბულიდან უკვე ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. მინდელის შახტში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორთა ჯგუფი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
„პირველრიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, საქართველოს მოქალაქეებს, მეშახტეებს, ტყიბულელებს. ესუზარმაზარი ტრაგედიაა, ბოლო მომენტამდე მაინც გვქონდა იმედი, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ჩატარდება მაქსიმალურად ღია გამოძიება და მისი შედეგების შესაბამისად, ყველა დამნაშავე პირი იქნება დასჯილი. დაღუპულთა ოჯახებს გაეწევათ ყველა სახის კომპენსირება როგორც კომპანიისგან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. თუმცა, დღეს არ არის აქ ის სიტუაცია, რომ ვეძებოთ მტყუან–მართალი, რადგან ახლა ამ ქალაქს, ჩვენს მეშახტეებს უნდა დავუდგეთ გვერდში და ყველაფერი გავაკეთოთი მისთვის, რომ გარდაცვლილთა ოჯახებს და თითოეულ მეშახტეს ეს ტრაგიკული მდგომარეობა შევუმსუბუქოთ“, – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.
კითხვაზე, თუ რამდენად არის დაცული საქართველოში დასაქმებულთა უფლებები, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ შრომითი კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს, თუმცა, მისივე თქმით, ამ კანონმდებლობამ უკვე კარდინალური და სერიოზული პროგრესი განიცადა. „რაც შეეხება შრომითი პირობების დაცვას, განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ წარმოებებში ის სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი გახდება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
კომპანია „საქნახშირის“ ელიზბარ მინდელის სახელობის შახტში ტრაგედია 9 მაისს მოხდა, ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს ბადია მოწყდა და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა. გარდაცვლილი მეშახტეების სამძებრო სამუშაოები დაახლოებით დილის 08.30 საათზე დასრულდა.
