მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლაშა შურღაია თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. შურღაიას
თავისუფლების აღკვეთა 14 წლის ვადით მიესაჯა.
გახმაურებული მკვლელობა თბილისში, 2012 წლის 25 იანვარს თემქის დასახლებაში მოხდა.
საქმის მასალების მიხედვით, ზუგდიდის მკვიდრი ლაშა შურღაია მეუღლესთან - მაია ჩილაჩავასთან ერთად, დის - ლელა შურღაიას საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. წარსულში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო, ბრალდებულს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ოჯახის წევრებმა იგი ექიმთან კონსულტაციის მიზნით, თბილისში ჩამოიყვანეს. იმის გამო, რომ ლაშა შურღაია ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად ეჭვიანობდა თავის მეუღლეზე, მისი მოკვლა განიზრახა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან სამზარეულოდან აიღო დანა, მაია ჩილაჩავა შეიტყუა საძინებელ ოთახში და შურისძიების მოტივით, დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ჩილაჩავა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა, ხოლო შურღაია პოლიციამ დააკავა.
ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა. თუმცა, ლაშა შურღაიას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა.
სასამართლო - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნითა და საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტთა მიერ მიცემული ჩვენებებით დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 1976 წელს დაბადებული ლაშა შურღაია დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად14 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
