შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, აცხადებს ფოტოკონკურსს, რომელშიც მონაწილეობის
მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კონკურსის თემა:
„დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა საკონკურსო ფოტოები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 8 ივნისისა.
საკონკურსო ფოტო უნდა ასახავდეს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევებს, საგზაო მოძრაობის წესებს რეალობაში და მოძრაობის უსაფრთხოებას. შესაძლებელია დადგმული/საგანმანათლებლო კადრები. ფოტო აუცილებლად საქართველოში უნდა იყოს გადაღებული, ციფრული აპარატით, ზომებით - 3024X2016. საკონკურსო ფოტო უნდა გადმოიგზავნოს ციფრული ფორმატით. შსს-ს უფლებამოსილება ექნება, გამარჯვებული ფოტოები გამოიყენოს საიმიჯო-საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიებისა და პროექტებისთვის, რომლებიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად იქნება განსაზღვრული. კონკურსანტებს შეუძლიათ გამოაგზავნონ როგორც ცალკეული ფოტოები, ასევე, სერიები, არაუმეტეს 8 ფოტოსი.
ფოტოების შერჩევის მეთოდები
საუკეთესო ფოტონამუშევრებს სპეციალური ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება კონფიდენციალური შერჩევის პრინციპით. საკონკურსო ნამუშევრებს მიენიჭება შტრიხ-კოდი. შესაბამისად, ფოტოს ავტორის ვინაობა ჟიურის წევრებისთვის ცნობილი არ იქნება. კონკურსის განმავლობაში ჟიურის წევრების ვინაობა კონფიდენციალური იქნება.
კონკურსის პრიზები
ჟიური სამ გამარჯვებულ ავტორს გამოავლენს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო:
I ადგილი - 3000 ლარი;
II ადგილი - 2000 ლარი;
III ადგილი - 1000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა კონკურსის მოთხოვნების შესაბამისი ნამუშევრები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Lrobaqidze@yahoo.com
