კონტროლის პალატამ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი რამდენიმე პარტია სამართალდამრღვევად სცნო
კონტროლის პალატამ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი რამდენიმე პარტია სამართალდამრღვევად სცნო
17:10 25.06.2012
კონტროლის პალატა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მასში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს თავიანთი საქმიანობის კეთილსინდისიერად და ანაგრიშვალდებულების  პრინციპების დაცვით წარმართვის თხოვნით მიმართავს.
ამის შესახებ საქართველოს კონტროლის პალატა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები - „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ , „კონსერვატორული პარტია“ და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
კონტროლის პალატის ცნობით, შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად უკანონო შემოწირულობად იქნა მიჩნეული.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თუ შემოწირულების მიღებით ირღვევა კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა 5 დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, პარტიას კი - დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა“- ნათქვამია განცხადებაში და განმარტებულია, რომ რადგან საქართველოს კონტროლის პალატის მიზანია დარღვევების პრევენცია და არა სანქციების გამოყენება, უკანონო შემოწირულობის მიმღებ პოლიტიკურ პარტიებს კი წერილობით მიეცათ წინადადება პროპორციულობის პრინციპის დაცვით, უკანონო შემოწირულება შემომწირველისთვის დაებრუნებინათ.
„თუმცა, აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიებმა უარი განაცხადეს ორგანული კანონის და სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე. რის საფუძველზეც, სახეზეა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალსიწინებული მოთხოვნების დარღვევა“- აცხადებენ კონტროლის პალატაში.
მათივე ცნობთ, კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატამ ყველა დასახელებული პოლიტიკური პარტია სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადააგზავნა.
კონტროლის პალატაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაპყროს იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით პოლიტიკურ სივრცეში საქმიანობს ოთხი სუბიექტი „ქართული ოცნების“ სახელით. კერძოდ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, პარტია „ქართული ოცნება“, შპს „ქართული ოცნება“ და კოალიცია „ქართული ოცნება“ რომელიც, თავის მხრივ დამატებით აერთიანებს პარტიებს-„რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადარჩენს საქართველოს“ .
„აღნიშნული გარემოება არ უწყობს ხელს ჯანსაღი, გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული პოლიტიკური სისტემის უზრუნველყოფას. აქედან გამომდინარე, მივმართავთ თხოვნით ზემოაღნიშნულ პოლიტიკურ სუბიექტებს თავიანთი საქმიანობა წარმართონ კეთილსინდისიერების და ანაგრიშვალდებულების პრინციპების დაცვით“- აცხადებენ კონტროლის პალატაში.

ბეჭდვა