პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ იურისტი არჩილ კბილაშვილი კოალიციის ახალქალაქის ოფისის მეპატრონის დაკავებას უკანონობად მიიჩნევს.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შენობის მესაკუთრეს გიორგი მხჩიანს გარკვეული უწყებების წარმომადგენლები კოალიციის ოფისის გახსნისთანავე დაუკავშირდნენ და „ქართული ოცნებისთვის“ ოფისის მიქირავებაზე უარის თქმა მოსთხოვეს.
„ეს ასე არ მოხდა, რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ 3 დღის წინ მხჩიანი დააკავეს“- აღნიშნა კბილაშვილმა და დასძინა, რომ იგი უკვე გაეცნო დადგენილებას იმ ბრალდების შესახებ, რასაც მხჩიანს უყენებენ.
საქმეში იკვეთება მელიქ რაისიანის სახელი, რომელიც 2004 წლის მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო წარდგენილი, ხოლო გარკევული ხნის შემდეგ მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა.
„ხელთ მაქვს დადგენილება ამ პირის ბრალდების შესახებ, რომელშიც წერია, რომ 1996 წელს მელიქ რაისიანის მამამ შეიძინა აღნიშნული შენობა, ოღონდ შეძენის დროს ახლობლის სახელზე გააფორმა. 2005 წელს, როცა მელიქ რაისინის მამა გარდაიცვალა, მელიქმა იმ ადამიანს, ვის სახელზეც გაფორმებული იყო ოფისი, სთხოვა, ქონება მის ახლობელზე გიორგი მხჩიანზე გადაფორმებულიყო“- აღნიშნა კბილაშვილმა და დაძინა, რომ ბრალდების თანახმად, 2005 წელს გადაფორმება მოხდა მხჩიანზე და ამით მხჩიანმა დანაშაული ჩაიდინა, რადგან დოკუმენტები გააყალბა.
ასევე, ბრალდების მიხედვით, ხელშეკრულებაში წერია, რომ გამსხვისებელი ასხვისებს გიორგი მხჩიანზე, მაგრამ მხჩიანი არ არის რეალური შემძენი, რადგან შემძენი მელიქ რაისიანი უნდა ყოფილიყო. ამ ყალბი დოკუმენტის გაკეთებით მან ჯგუფურად ჩაიდინა დანაშაული, რითაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„სავარაუდოდ, თუ ჯგუფს ადამიანთა ერთობად განვიხილავთ, დანაშაული ჩაუდენია მელიქ რაისიანის გარდაცვლილ მამას 1996 წელს, ვინმე არტაშეს ჩახბახჩიანს, ვის სახელზეც პირველად აღირიცხა შენობა, ასევე, მელიქ რაისიანს, რომელმაც მიიღო მამის გადაცვალების შემდეგ ქონება და გიორგი მხჩიანს - აი ეს წერია ამ დადგენილებაში, რაც ძალიან მკაფიო ნიმუშია იმისა, რომ პოლიტიკური დევნისა და ახირების გამო, როგორ შეიძლება სამართალი იარაღად იქნას იყოს გამოყენებული“-განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით,რაც შეხება მელიქ რაისიანს, იგი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება და მასზე ძებნაა გამოცხადებული. კოალიციაში მიაჩნიათ, რასაც რაისიანს ედავებიან, ირონიის მომგვრელია.
როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, 2008 წელს ფინანსური პოლიცია იძიებდა საქმეს მითვისების ფაქტზე. ერთ-ერთი საწარმოს მოლარე და დირექტორი აცხადებდნენ, რომ ისინი ახორციელებდნენ გარკვეულ მოქმედებას ვინმე არმენ ბაღდასარიანის ინტერესების სასარგებლოდ, რომელიც სომხეთის მოქალაქეა და თურმე მათ ბაღდასარიანისგან მოუსმენიათ, რომ აღნიშნულ ბიზნესს მელიქ რაისიანი მფარველობდა.
„თურმე არმენ ბაღდასარიანი ფულს უხდიდა მელიქ რაისიანს ამ ბეზნესის მფარველობაში და ეს გახდა თაღლითობის ბრალდებით მელიქ რაისინის მიმართ დევნის დაწყების საფუძველი. როდესაც 2004 -2008 წლებში მელიქ რაისიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სიით პარლამენტის წევრი, რატომ არ მიმდინარეობდა გამოძიება და რატომ მოხდა დღეს ამ ყალბი დოკუმენტების წამოწევა, ან თუ 2005 წელს ყალბი დოკუმენტის საფუძველზე მხჩიანმა ოფისი შეიძინა, სად იყვნენ 2012 წლამდე?“- განაცხადა კბილაშვილამ და აღნიშნა, რომ ეს ყოველივე ბლეფია და ხელისუფლება მიმართავს რეპრესიებს, რათა კოალიციის საქმიანობას ხელი შეუშალოს.
გიორგი მხჩიანი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, მას უკანონო პრივატიზებას ედავებიან.
