წამების პრევენციის თემაზე თბილისში რეგიონთაშორისი კონფერენცია გაიმართება
წამების პრევენციის თემაზე თბილისში რეგიონთაშორისი კონფერენცია გაიმართება
09:04 25.06.2012
„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ (PRI) ორგანიზებით დღეს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” რეგიონთაშორისი კონფერენცია - „წამების პრევენციის მექანიზმების შემუშავება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში“ გაიმართება.
რეგიონთაშორისი კონფერენცია მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლისა და სწავლების ხელშეწყობას. კონფერენციის დროს ასევე მოხდება რეკომენდაციების მიწოდება ყველა მონაწილე ქვეყნის ხელისუფლებისთვის სახელმწიფო უწყებების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის უნარების გაუმჯობესების მიზნით.
როგორც „ნიუსპრესს“ „ციხის საერთაშორისო რეფორმიდან“ აცნობეს, კონფერენცია ძირითადად სამუშაო ჯგუფებში ჩატარდება, სადაც ექსპერტების დონეზე 9 ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის პრობლემატური საკითხები წამების პრევენციის სფეროში განიხილება.
ღონისძიებას დაესწრებიან გაეროს, ევროპის საბჭოს, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენელი ექსპერტები, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, პრევენციის ეროვნული მექანიზმების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება PRI-ს სინთეზური ანგარიში დსთ-ს წევრ 9 ქვეყანაში წამების პრევენციის მექანიზმების შესახებ. ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია და ანალიზი აღნიშნულ ქვეყნებსა და სისხლის სამართლის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე დაყრდნობით.

ბეჭდვა