საია მიიჩნევს, რომ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ დარღვევებით გამოიტანა
საია მიიჩნევს, რომ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ დარღვევებით გამოიტანა
14:04 24.06.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ 21 ივნისს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა  კოლეგიის განჩინება, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დარღვევით იყო გამოტანილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

საია განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი განსაზღვრავს ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლებს, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისთვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან მასთან დაკავშირებული პირის ქონებას. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვინაიდან საქმის წარმოება დაწყებულია ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე და არ არსებობს ბრალდებული პირი, როგორც დანაშაულის ჩამდენი სუბიექტი, სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას.

გარდა ამისა, საიას განცხადებაში საუბარია სსსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც განმარტავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე _ 330-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლად ვერ იქნება გამოყენებული აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან ამომრჩევლის მოსყიდვა დანაშაულის კატეგორიის მიხედვით წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და არა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, რა შემთხვევაშიც არის შესაძლებელი დანაშაულის მომზადების შემთხვევაში ქონების დაყადაღება.

„ასევე მიგვაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლი, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ანდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება სასამართლო განჩინებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სასამართლო განჩინების გარეშე, თუმცა გამომძიებლის დადგენილებით. საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა შპს ,,ელიტა ბურჯის’’ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და მიუხედავად იმისა, რომ შეიზღუდა როგორც კერძო საკუთრება, ასევე მფლობელობა, („გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ დაქირავებული აქვს „ელიტა ბურჯისგან“ გარკვეული ფართი), არ არსებობდა კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული სასამართლო განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება“-ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვინაიდან მედიას საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, ხოლო ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, ყველა შეზღუდვა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს გამოხატვის თავისუფლებაზე, უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან, ეფუძნებოდეს გამოხატვის თავისუფლების, მედია პლურალიზმისა და სისხლის სამართლით დაცული სიკეთის სამართლიან შეფასებას. ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, საია მოუწოდებს როგორც გამოძიების ორგანოებს, ასევე სასამართლოს, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას იხელმძღვანელონ სამართლიანობის პრინციპების დაცვით და განუხრელად დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

ბეჭდვა