„ციხის საერთაშორისო რეფორმის“ (PRI) ორგანიზებით 25-26 ივნისს სასტუმო „შერატონ მეტეხი პალასში” რეგიონთაშორისი კონფერენცია - „წამების პრევენციის მექანიზმების შემუშავება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში“ გაიმართება.
კონფერენცია მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლისა და სწავლების ხელშეწყობას. შეხვედრაზე რეკომენდაციები მიეწოდება ყველა მონაწილე ქვეყნის ხელისუფლებას სახელმწიფო უწყებების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის უნარების გაუმჯობესების მიზნით.
როგორც „ნიუსპრესს“ „ციხის საერთაშორისო რეფორმიდან“ აცნობეს, კონფერენცია ძირითადად სამუშაო ჯგუფებში ჩატარდება, სადაც ექსპერტების დონეზე 9 ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის პრობლემატური საკითხები წამების პრევენციის სფეროში განიხილება.
ღონისძიებას დაესწრებიან გაეროს, ევროპის საბჭოს, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენელი ექსპერტები, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების, პრევენციის ეროვნული მექანიზმების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან.
