საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ხულოში პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა, რის შემდეგაც
ის ადგილობრივ მოსახლეობასაც ესაუბრა.
შეხვედრაზე მღებრიშვილმა ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენები წმინდა წყლის პროვოკაცია იყო.
„ინფორმაცია გვქონდა, რომ ეს ადამიანები, ვინც ცნობიმოყვარეობის გამო იყვნენ პოლიციის სამმართველოსთან მისულები, წავიდოდნენ და დაიშლებოდნენ. როგორც კი ადგილზე კრიმინალები დარჩნენ, ჩვენ მხოლოდ მას შემდეგ ჩავერიეთ. ჩვენ უფრო მეტად გვიღირს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ვიდრე ორი და სამი დამწვარი მანქანა. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და მაქსიმალურად ვიჩენთ ამ თმენის ვალდებულებას. იმ შეურაცხყოფასაც ავიტანთ რა შეურაცხყოფაც მოგვაყენეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისა, რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა, ვგულისხმობ მოთმინებას. ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია და პირობას გაძლევთ, რომ სიმშვიდე არამარტო აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში დამყარდება. ჩვენ გვაქვს როგორც ძალა ასევე, რესურსიც იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ წესრიგს დასამყარებლად“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
