კომპანია ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საწყობში განთავსებული ანტენები სამართალდამცავებმა თერჯოლის რაიონის
სოფელ ნახშირღელეში დღეს გამთენიისას დააყადაღეს.
როგორც „ნიუსპრესის“ იმერეთის ბიუროს კორესპონდენტი იუწყება, საწყობის ტერიტორიაზე პოლიცია გათენებამდე მუშაობდა.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ტექნიკური პერსონალი სამართალდამცავებმა საცხოვრებელი სახლიდან, სადაც კომპანიის ოფისი და საწყობი იყო განთავსებული, ძალით გაიყვანეს.
,,ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. შემოცვივდნენ სახლში და აბსოლუტურად ყველა გამოგვიყვანეს გარეთ. ეს ხმები, რაც ახლა გვესმის თუ ,,რესივერებს“ ეხება, აუცილებლად დაზიანდება თეფშებიც და ,,რესივერებიც“ – აღნიშნა საწყობის მენეჯერმა ნოდარ კამკამიძემ.
სახლის მეპატრონის განცხადებით, დოკუმენტი რომელიც მას სამართალდამცავებმა წარუდგინეს, ხელმოწერილი იყო, თუმცა, ბეჭდით არ იყო დამოწმებული.
,,საბუთს ბეჭედი არ ჰქონდა. მგონი ხელს მოსამართლე აწერდა. მითხრეს, დოკუმენტის ერთი ასლი დაგრჩებაო, მაგრამ აღარ დაუტოვებიათ, ალბათ, დაავიწყდათ“ – ამბობს სახლის მეპატრონე ზურაბ კუბლაშვილი.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცავებმა ტექნიკის მხოლოდ ნაწილი წაიღეს. ოფისში 300–მდე ანტენატა იყო, რომლის დამონტაჟება დღეს იგეგმებოდა.
კომპანია ,,გლობალ ტვ“ – ს კუთვნილი დაუმონტაჟებელი ანტენების დაყადაღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გუშინ მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ერთდროულად დაიწყო.
