„გლობალ ტვ“-ს ანტენების დაყადაღების განჩინება დღეს სააპელაციოში გასაჩივრდება
„გლობალ ტვ“-ს ანტენების დაყადაღების განჩინება დღეს სააპელაციოში გასაჩივრდება
11:52 22.06.2012
კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ კუთვნილი სატელევიზიო ანტენების დაყადაღებაზე განჩინებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა ზურაბ ბაზლიძემ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის დაყადაღებულია კომპანიის „ციცინათელას“, ურეკის, ლანჩხუთის, სენაკის, სამტრედიის, თბილისისა და თელავის სასაწყობე მეურნეობები.
ბაზლიძის ინფორმაციით, გასული ღამის მონაცემებით, დაყადაღებულია 300 000-მდე ანტენა, თუმცა, ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ ცნობილი არ არის.
„გლობატ ტვ ამ დროისთვის მაუწყებლობას ახორციელებს, მაგრამ შეჩერებულია ანტენების მონტაჟები. მიღებული გვაქვს დიდი რაოდენობით შეკვეთა, მაგრამ მონტაჟი არ ხდება, რადგან ვცდილობთ სიტუაციაში გავერკვიოთ, რა სირთულეები გვაქვს და რა პრობლემები შეიძლება შეგვექმნას“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ბაზლიძემ.
მისივე თქმით, ინფორმაცია საცხოვრებელ სახლებში „გლობალ ტვ“-ის ანტენების შესაძლო დემონტაჟის შესახებაც გავრცელდა, თუმცა, კომპანიაში ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. ბაზლიძის განმარტებით, კომპანია მონიტორინგის ჯგუფებს შექმნის, რომლებიც რეგიონებში იმუშავებენ და ვითარებას შეისწავლიან.
„ჯერჯერობით, არცერთი ზარი არ შემოსულა მოსახლეობისგან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგიონებში გავლენ და მონიტორინგს განახორცილებენ - ხომ არ ხდება სადმე დემონტაჟი ან რაიმე სახის ზეწოლას ხომ არ ჰქონია ადგილი. ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ ამ პროცესების შესწავლას“- განაცხადა ბაზლიძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პოლიციამ გუშინ კომპნია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ დაუმონტაჟებელი ანტენები დააყადაღა.

ბეჭდვა