საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მთავრობას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტრეფიკინგის შესახებ
2012 წლის ანგარიშით გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ანგარიშის მიხედვით საქართველო არის ტრეფიკინგის, იძულებითი სამუშაოს განმახორციელებელი ქვეყანაც, წყაროც და ტრანზიტიც, ასევე, საქართველოს მთავრობა ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტს აკმაყოფილებს.
„ანგარიშში მოყვანილია შრომით უფლებებზე მომუშავე ექსპერტების მოსაზრებებიც, რომლის მიხედვითაც საქართველოში ტრეფიკინგს შრომითი ინსპექციის ნაკლებობა და „შრომის კოდექსის“ სისუსტე უწყობს ხელს. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და ცალსახად აღნიშნავს, რომ მოქმედი შრომის კოდექსით მნიშვნელოვნად იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და სხვადასხვა საერთშორისო სამართლებრივი აქტებით აღიარებული ადამიანის უფლებები“- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183 წევრი სახელმწიფოდან, მხოლოდ საქართველოში არ არსებობს შრომის სახელმწიფო ინსპეცია, რომელიც 2006 წელს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გააუქმა.
მათივე ცნობით, შესაბამისად, დღეისთვის ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო საინსპექციო ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ მონიტორინგის განხორციელებას საწარმოებში შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ. ასევე, ვერ ხერხდება ინფორმაციის მოპოვება სამუშაო ადგილზე არსებული შრომის დაცვასა და ტექნიკურ უსაფრთხოებაზე.
პროფესიული კავშირების გაერთიანება აღნიშნავს, რომ იგი არაერთხელ ყოფილა საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატორი.
„დღეს კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის პროცესში და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაითვალისწინოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2012 წლის ანგარიშით გაცემული რეკომენდაციები“- აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში და აღნიშნავენ, რომ ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საკანონმდებლო ბაზის, განსაკუთრებით კი შრომის კოდექსის სრულყოფის და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობის კუთხით.
