საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციაში განხორციელებულ როტაციის პროცესს განმარტავს და აცხადებს, რომ ამასთან
მიმართებაში პოლიტიკური სარჩულის ძიების მცდელობა საფუძველს მოკლებული და გაუგებარია.
შსს-ს ინფორმაციით, 2011 წლის მაისს-ივნისში როტაცია საპატრულო პოლიციაში 194 პოლიციელს, ხოლო 2012 წლის მაისს-ივნისში -150 პოლიციელს შეეხო. ამ პროცესში სახაზო საპატრულო პოლიციიდან 35 თანამშრომელი მეტროპოლიტენის სამმართველოში გადავიდა, ხოლო იქიდან 20 - სახაზო სამმართველოში. დაინიშნა პოლიციის აკადემიის 8 ახალი კურსდამთავრებული. 32-მა ამჟამად უკვე ყოფილმა პოლიციელმა კი, უარი თქვა შეთავაზებულ სამსახურეობრივ როტაციაზე და სამსახური დატოვა.
მათი განმარტებით, აღნიშნული განცხადების თანახმად როტაცია ანუ სხვადასხვა რგოლის და რანგის პოლიციელების პერიოდული გეოგრაფიული და სამსახურეობრივი გადანაწილება, მუშაობის ეფექტურობის ზრდას ისახავს მიზნად.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საპატრულო და კრიმინალურ პოლიციაში მსგავსი პრაქტიკა პოლიციის რეფორმის პირველივე წლებში დამკვიდრდა და რეგულარულ ხასიათს ატარებს.
