„გლობალ ტვ“-ს საწყობი, რომელიც ქობულეთში, გასართობ ცენტრ „ციცინათელას“ ტერიტორიაზე მდებარეობს, ქონების აღრიცხვის გარეშე დალუქეს.
როგორც „ნიუსპრესის“ კორესპონდენტს საწყობის უფროსმა ბექა ლომიძემ განუცხადა, შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 23 ათასი ანტენა და სხვა დამხმარე ტექნიკაა დასაწყობებული, რისი გადათვლა და აღრიცხვა არ მომხდარა.
ლომიძის თქმით, პოლიციამ ქონების აღრიცხვა დაიწყო, თუმცა, იმის გამო, რომ პროცესი დიდ დროს მოითხოვდა, ადგილზე მიიღეს გადაწყვეტილება მისი შეწყვიტის შესახებ და საწყობი ქონების აღრიცხვის გარეშე დაილუქა.
საწყობის უფროსის თქმით, შენობაში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების ქონებაა განთავსებული.
აღნიშნულ ფაქტს „გლობალ ტვ“-ს ადვოკატი ირაკლი შავაძე უკანონობას უწოდებს და აცხადებს, რომ ქონება, რომელსაც აყადაღებენ, აუცილებლად უნდა აღირიცხოს და შესაბამისი ოქმი შედგეს.
დალუქვის შემდეგ, საწყობის ტერიტორიაზე პოლიციამ ოთხი ვიდეოკამერა დაამონტაჟა. შავაძის შეფასებითვე, ეს ფაქტიც უკანონოა, რადგან სასამართლოს განჩინებაში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების შესახებ არაფერია ნათქვამი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ სამართალდამცავები კომპანია „ატუს“ საწყობითაც დაინტერესდნენ. რადგან „ატუ“-ს საწყობი ქობულეთში „გლობალ ტვ“-ს გვერდით მდებარეობს, პოლიციას ეჭვი გაუჩნდა, რომ შეიძლებოდა, ანტენები ამ საწყობშიც ყოფილიყო განთავსებული.
პოლიციამ „ატუ“-ს საწყობის უფროსი ვასილ გოგუაძე დაიბარა და საწყობის გახსნა მოსთხოვა, რაზაც მან უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე საწყობის გახსნის უფლება არ ჰქონდა.
გოგუაძის განცხადებით, „ატუ“-ს „გლობალ ტვ“-სთან არავითარი კავშირი არ აქვს და მის საწყობში მხოლოდ სამშენებლო მასალა, მოძრავი სცენა და სხვა ამგვარი ნივთებია განთავსებული.
