მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურის განცხადებით,
დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა დღეს დაკითხავს.
მისი თქმით, ბრალდებული გიორგი მამალაძე დაკავების შემდეგ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს.
„დაკავების შემდეგ დეკანოზს ხუთჯერ შევთავაზეთ ჩვენება მოეცა, თუმცა ყოველ ჯერზე უარი მივიღეთ. გარდა ამისა, მას ნიმუშების ექსპერტიზისთვისაც მივმართეთ. შევთავაზეთ ხმის, ხელწერის და დე ენ ემ - ის ნიმუშები ნებაყოფლობით მოეცა რაზეც კვლავ უარი მივიღეთ. ამის შემდეგ განჩინების საფუძველზე ისევ მივმართეთ, თუმცა მან მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და ნიმუშების გაცემაზე უარი განაცხადა. რეალურად ჩვენ გვქონდა ექიმის თანხმობა, რომ მას თავისუფლად შეეძლო საპროცესო მოქმედებაში მიეღო მონაწილეობა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვოკატებისა და ბრალდებულის განცხადებები, რომ ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, მათი მხრიდან სიცრუეა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“-განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
წიკლაურის თქმით, დეკანოზი დღეს დაიკითხება.
„საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მის მიმართ ბევრი შეკითხვა არსებობს და მას ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს“-აღნიშნა წიკლაურმა.
