კრიმინალურმა პოლიციამ სამტრედიაში, ურეკსა და ქობულეთში „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი სატელევიზიო ანტენები დააყადაღა.
დალუქულია იჯარით აღებული სასაწყობე მეურნეობები, სადაც „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი სატელევიზიო ანტენები ინახებოდა. პოლიციაა შესული „გლობალ ტვ“-ის თელავის და ყვარლის სასაწყობე მეურნეობაშიც.
სამართალდამცავები ამ დრომდე რჩებიან კომპანია „ელიტა ბურჯის“ ტერიტორიაზე, სადაც „გლობალ ტვ“-ის ერთ-ერთი საწყობი მდებარობს.
პოლიციას ბლოკირებული აქვს შენობის მთელი პერიმეტრი, შენობასთან მყოფ იურისტებს, ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევათ. შენობაში მყოფი თანამშრომლები კი, გარეთ გამოსვლის ვერ ახერხებენ.
„ელიტა ბურჯთან“ იმყოფებიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც.
როგორც კომპანია „ელიტა ბურჯში“ განაცხადეს, დაყადაღების შესახებ მათ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ.
„ელიტა ბურჯსა“ და „გლობალ კონტაქტ კონსალტინგში“ დაყადაღების შესახებ განჩინება ცოტა ხნის წინ მიიტანეს. ადვოკატის სანდრო ბარამიძის განცხადებით, მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილის მიერ გაცემულ განჩინებას, მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი არ აქვს.
„გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ იურისტების განცხადებით, ხელმოუწერელი განჩინების საფუძველზე აღსრულების დაწყება დაუშვებელია.
