კომპანია „ელიტა ბურჯის" ცენტრალურ და სხვა საწყობებში პოლიციის წარმომადგენელთა გამოცხადება
განპირობებულია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებით.
ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული ანტენების ძირითადი ნაწილი სწორედ „ელიტა ბურჯის" საწყობებშია განთავსებული.
„პოლიციელთა მოქმედება დაკავშირებულია ყადაღის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საპროცესო ღონისძიებასთან, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ უკავშირდება „ელიტა ბურჯის" სამეწარმეო საქმიანობის ან სხვაგვარი აქტივობის რევიზიას“- ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ კომპანია „ელიტა ბურჯის“ შენობის ბლოკირება მოახდინა. შენობის გარე პერიმეტრზე პოლიციაა განლაგებული, პოლიცია იმყოფება შენობაშიც. კომპანიის თანამშრომლებს შენობიდან გასვლის საშუალება არ ეძლევათ.
პოლიცია შევიდა ქობულეთში გასართობ ცენტრ „ციცინათელას“ ტერიტორიაზეც, სადაც „გლობალ ტვ“-ის ანტენების საწყობი იყო განთავსებული და დალუქა.
