ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის 7 დღიანი ვადა მიეცა
ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის 7 დღიანი ვადა მიეცა
17:28 21.06.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აღსრულების ეროვნული ბიუროსგან გაფრთხილება უკვე მიიღო. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ბიძინა  ივანიშვილის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ლიდერს ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის თაობაზე 7 დღის ვადა განესაზღვრა, თუმცა, ივანიშვილი ნებაყოფლობით ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

„მან გააკეთა განცხადება რომ არ აპირებს აღნიშნული თანხის ნებაყოფლობით გადახდას, შესაბამისად თუ რამე შეიცვლება, იგი დამატებით განაცხადებს ამის შესახებ. დღეის მდგომარეობით, იგი არ აპირებს ნებაყოფლობით გადახდას“- განუცხადა „ნიუსპრესს“ თადუმაძემ.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაჯარიმებასთან დაკავშირებით 2 სააღსრულებო ფურცელი გუშინ შევიდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროში აცხადებენ, რომ 2 სააღსრულებო ფურცლის თანახამად, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით, 74 325 065. 65 ლარის გადახდა დაეკისრა.

ბიუროს ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას - გადაწყვეტილების ნებაყოფლობით 7 დღის ვადაში შესრულების შესახებ, რომლის გასვლის შემდეგ, იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები იწყება.

ბეჭდვა