ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
 ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
09:40 06.02.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მ. მ., 1980 წელს დაბადებული მ.ტ., და 1969 წელს დაბადებული ლ.კ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებში დევნილებისათვის განკუთვნილი ბინების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, მოტყუებით გამოართვეს 95 500 აშშ დოლარი.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტს გულისხმობს.


ბეჭდვა