N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიის ხელოვნების კურსი დასრულდა
 N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიის ხელოვნების კურსი დასრულდა
16:38 03.02.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დასრულდა, რომლის ფარგლებში, 19 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას დაეუფლა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კულინარიის ექვსთვიანი კურსი ამერიკის საელჩოსა და აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, პროფესიულმა კოლეჯმა „იკაროსი" განახორციელა.
კურსის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, INL-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ და მსჯავრდებულებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა ამერიკის საელჩოსა და INL-ის წარმომადგენლებს პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია წარმოადგენს. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ პროფესიის დაუფლება გათავისუფლების შემდეგ, მათ დასაქმებას უადვილებს, რაც, თავის მხრივ, განმეორებითი დანაშაულის რიცხვს ამცირებს. კულინარიის კურსები ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის 20-მდე მსჯავრდებულმა წარმატებით გაიარა“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.
უწყების ცნობითვე, საქართველოში ამერიკის შეერთაბეული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, მსგავსი სასწავლო კურსების მთავარ მიზანს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
„მოხარული ვართ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთaდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა მივიღეთ. პროგრამა მსჯავრდებულებს დაწესებულების გარეთ ცხოვრებისათვის ამზადებს, ახალ უნარ-ჩვევებს უვითარებს და ანაზღაურებადი სამსახურის მოძიებაში ეხმარება. შესანიშნავი პროექტია და აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას სამინისტროსთან“, - დასძინა ნიკოლას ბერლინერმა.
კულინარიის კურსს ცნობილი მზარეული მანუელი უძღვებოდა, რომელმაც მსჯავრდებულებს სხვადასხვა კერძის მომზადება, სამზარეულოში მუშაობის უნარ-ჩვევები და სპეციფიკა შეასწავლა. კურსის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სწავლების პროცესი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილ სპეციალური სივრცეში მიმდინარეობდა, რომელიც აშშ-ს საელჩოსა და INL-ის მხარდაჭერით, სამზარეულოს უახლესი ინვენტარით და ტექნიკითაა აღჭურვილი.




ბეჭდვა