სააპელაციო სასამართლო დღეს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე საჩივრის განხილვას განაახლებს
სააპელაციო სასამართლო დღეს ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე საჩივრის განხილვას განაახლებს
09:02 21.06.2012
თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის  ჩამორთმევასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა განახლდება.

მოქალაქეობის ჩამორთმევაზე პრეზიდენტის ბრძანება საქალაქო სასამართლომ კანონიერად ცნო, რაც ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს.

როგორც „ნიუსპრესს“ ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, პირველ ეტაპზე სასამართლომ მხარეებისგან ახსნა-განმარტებები მოისმინა, რაც იმ პრეტენზიის განხილვას გულისხმობდა, რასაც სააპელაციო საჩივარი ეფუძნებოდა. მოპასუხე მხარემ კი, ის არგუმენტები წარადგინა, რასაც მათი სააპელაციო პასუხი ემყარება.

„ეს ეტაპი უკვე გავლილია და სააპელაციო სასამართლო დღეიდან მტკიცებულებათა განხილვას დაიწყებს. ამის შემდეგ კი - გადაწყვეტილებას გამოიტანს“ - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

მისივე თქმით, მოსამართლეს შეუძლია გადაწყვეტილება დღესვე გამოიტანოს ან ორკვირიანი ვადა მოითხოვოს.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების სააპელაციო სარჩელის განხილვა სასამართლომ 15 ივნისს დაიწყო.

პირველ სხდომაზე ადვოკატებიმა შალვა თადუმაძემ, ალექსანდრე ბარამიძემ, არჩილ კბილაშვილმა და ზაქარია ქუცნაშვილმა თავისი მოსაზრებები დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ საქალაქო სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილება - ივანიშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანების კანონიერად ცნობის თაობაზე, უკანონოა და სააპელაციო სასამართლოს მისი გაუქმება შეუძლია.

სხდომაზე თავისი მოსაზრებები მოპასუხე მხარემ - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენლებმა გიორგი გაბრიელაშვილმა და ჟანა ქოიავამ, ასევე პრეზიდენტის წარმომადგენლმა თინათინ სირაძემ დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ აპელანტის ლოგიკა კანონის ფარგლებს სცილდება. მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდა კანონით მკვეთრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

პრეზიდენტის მხარის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ბეჭდვა