შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მერაბ მალანიას განცხადებით, „ბავშვთა სამყაროს“
შენობაში გაჩენილი ხანძრის მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.
მისივე თქმით, ხანძარზე გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
„მიზეზებზე ჯერ ადრეა საუბარი, იმიტომ რომ, გამოძიება დაიწყო 187 მუხლით, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დაველოდოთ და ყველა საქმეს პასუხს გამოძიება გასცემს. რეაგირება არ იყო დაგვიანებული. ინიციატორმა, ვინც დარეკა, დარეკა გვიან. დაგვიანებით აღმოაჩინეს ეს ხანძარი, როგორც ჩანს. კერა არის უკანა მხარეს, ბაზრობის ტერიტორიებზე და მერე გადაედო „ბავშვთა სამყაროს“ - განაცხადა მერაბ მალანიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე „ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე წუხელ სავაჭრო ცენტრი და მიმდებარე ბაზრობა დაიწვა. მომხდარის გამო ათეულობით მოვაჭრე დაზარალდა.
