გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით პოლიციამ თურქეთის სამი მოქალაქე დააკავა
გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით პოლიციამ თურქეთის სამი მოქალაქე დააკავა
12:35 29.01.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,- 1993 წელს დაბადებული ე.ბ., 1988 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ფ.ე. და საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი მათ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, 2600 ლირა, 3040 ლირა, 7 172 ლარი და 1489 დოლარი გამოსძალეს.

უწყების ცნობითვე, გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


ბეჭდვა