ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებმა საპატიმრო დატოვეს
 ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებმა საპატიმრო დატოვეს
14:21 28.01.2017
თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმეზე იყვნენ დაკავებულები, წუხელ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს.

ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი პრეზიდენტმა შეიწყალა.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, მიუხედავად გათავისუფლებისა, „ისინი სიმართლის დამტკიცებას მაინც აპირებენ“.

„გიორგი მარგველაშვილი არის ქვეყნის მთავარსარდალი, მან სრულიად იცოდა ეს საქმე როგორი პოლიტიზირებული იყო, როგორი მიმართულებით მიდიოდა და მე მინდა მადლობა გადავუხადო მას. სამართლებრივად, რა თქმა უნდა ბრძოლას ვაგრძელებთ და იმედია, ჩვენ საბოლოოდ გავმართლდებით. თუ ქართული მართლმსაჯულება არ იქნება საკმარისი, რა თქმა უნდა ევროპის სასამართლოში გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას“-განაცხადა ერთ-ერთმა ყოფილმა მსჯავრდებულმა „იმედის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული იყო სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი და ტექნოლოგიების დეპარტემენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური. ასევე სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით წიფურია და კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი არჩილ ალავიძე.


ბეჭდვა