საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული
შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იან კელის შეხვდა.
როგორც მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრის მიმდინარეობისას ირაკლი შოთაძემ ელჩს ბოლო პერიოდის განმავლობაში აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების მიერ გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებით კი საქართველოს პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ამერიკელი კოლეგების მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.
უწყების ცნობითვე, მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება ქართველი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. ორივე მხარემ მომავალში მისი კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოითქვა. შეხვედრის დასასრულს კი შეთანხმდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებები საქართველოს პროკურატურას რეფორმირების პროცესში კვლავ აღმოუჩენენ დახმარებას, მათ შორის, უწყების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრაქტიკაში იმპლემენტაციის, კიბერდანაშაულის, ტერორიზმისა და ტერორიზმის დაფინანსების დანაშაულის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
