კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, რეჟისორი ქეთი დოლიძე მისი პირადი ანგარიშის დაყადაღების საკითხს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.
დოლიძის განცხადებით, მევახშე იამზე დვალმა დოლიძის ოჯახს 5 წლის წინ ფული ასესხა, ხოლო ოჯახმა ყველა პროცენტის გადახდის შემდეგ თანხა უკან სრულად დაუბრუნა.
„ის ქალბატონი ფიქრობდა, რომ სესხთან დაკავშირებული საბუთები დაკარგული იქნებოდა და მიჩივლა, რომ მე მისთვის არცერთი თეთრი არ დამიბრუნებია. იპოთეკარსაც და მეც აღნიშნული საბუთები შენახული გვქონდა, თუმცა, ერთ-ერთი პატარა დოკუმენტი ვერ მოვიძიეთ“- განუცხადა „ნიუსპრესს“ დოლიძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დოლიძის ოჯახმა მოსამართლეს დოკუმენტების 99% წარუდგინა, მან მოწმეების ჩვენება არ გაითვალისწინა და ერთი დაკარგული დოკუმენტის გამო 1 500 დოლარიანი ჯარიმა დააკისრა.
„იამზე დვალმა შემდეგ პირად საუბრებში თქვა შემეშალა, მაგრამ ხელისუფლებას არ უყვარს ქეთი დოლიძე და მეც ვუჩივლებო. მეც მეუბნებოდა ის ქალი სასამართლოს ეზოში - თქვენ იმდენად ეზიზღებით ამ ხელისუფლებას მაინც ყველაფერს წააგებთო“- აღნიშნა დოლიძემ.
მისივე განმარტებით, იამზე დვალმა მას ფული ოფიციალურად, იპოთეკით ასესხა, თუმცა, საპროცენტო სარგებლის მიღების მიუხედავად, იგი საგადასახადოს თანხას არ უხდიდა.
დოლიძის თქმით, ამ და სხვა უკანონო ქმედებებზე იამზე დვალს ამჯერად თავად უჩივლებს, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი პირადი ანგარიშის დაყადაღების თაობაზე კი - სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.
ქეთი დოლიძის პირად ანგარიშს „ქართუ ბანკში“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ყადაღა გუშინ დაედო.
