იუსტიციის უმაღლესი სკოლის “მართლმსაჯულების სახლის“ დარბაზში დღეს საქართველოს მოსამართლეთა მე-19
კონფერენცია გაიმართა, რომელზეც 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ, საანგარიშო მოხსენებით საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე წარდგა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე ისაუბრა პარლამენტის მიერ მართლმსაჯულების რეფორმის“ მესამე ტალღის“ კანონთა პაკეტის მიღების შესახებ,რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში ისეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს, როგორიცაა: საქმეთა შემთხვევითი განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვა, (რომელიც საპილოტე რეჟიმში 2017 წლის 1-ლი ივლისიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოში ამოქმედდება), დისციპლინური სამართალწარმოების ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების ჩატარების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ფორმირება, საკასაციო სასამართლოში საჩივრების დასაშვებობის საფუძვლის გაფართოება და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მენეჯმენტის დეპარტამენტის ჩამოყალიბება (სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის ეფექტურად მართვისთვის და დანერგვისთვის).
როგორც უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში აცხადებენ, ხსენებული რეფორმის პაკეტი ხელს შეუწყობს ქართული სასამართლო სისტემისადმი ნდობის გაზრდას.
მოსამართლეთა კონფერენციაზე 2016 წელი შეფასდა მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი წინსვლის წლად.
„2016 წელს გადაიდგა ხელშესახები ნაბიჯები მოსამართლეთა დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ეფექტიანად და ხარისხიანად განხორციელებას და უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის მართლმასჯულების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას“-აცხადებენ უზენაეს სასამართლოში.
მოსამართლეთა კონფერენციას საერთაშიორისო, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
