ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია „მზის“ წილის მითვისებაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია „მზის“ წილის მითვისებაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს
13:57 19.06.2012
ბრიტანეთში მყოფი ქართველი ბიზნესმენი, ყოფილი დეპუტატი ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია „მზეში“ მისი წილის მითვისებაში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.  

ჩხარტიშვილის შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებს დღეს მისმა პრესსმდივანმა გააცნო.

განცხადებაში ჩხარტიშვილი აღნიშნავს, რომ „მზის“ მითვისების დოკუმენტურად დადგენილ დანაშაულში პრეზიდენტის აპარატის მაშინდელი უფროსი და თბილისის ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა და დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი აქტიურად მონაწილეობდნენ.

ჩხარტიშვილი აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია „მზეს“, სასამართლოს ძალისხმევით აუცილებლად დაიბრუნებს. პროცესები კი, საქართველოსთან ერთად საერთაშორისო სასამართლოებშიც დაიწყება.

„მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნულმა პირებმა უკანონო ქმედებით ჩემთვის მიყენებულ ზიანზე პასუხი არა საბიუჯეტო სახსრებით, არამედ პირადი ქონებით აგონ. მჯერა, რომ საერთაშორისო სასამართლო მათ სოლიდურ ფინანსურ სანქციებს დააკისრებს. ამოღებული თანხა თავისუფალი მედიის განვითარებას მოხმარდება“ - ნათქვამია ჩხარტიშვილის განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ეს არ არის რიგითი ქონებრივი დავა, რომლის უკანაც კერძო ინტერესი დგას. დასტურად ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ დაბრუნების შემდეგ, ტელეკომპანია „მზე“ სამართავად საზოგადოებრივ საბჭოს გადაეცემა.

ჩხარტიშვილი დარწმუნებულია, რომ მისი ამჟამინდელი ნაბიჯები, ხელისუფლებისთვის მისი დევნის დამატებითი მოტივი გახდება, თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ყოველივე ეს სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაზე ხელს ვერ ააღებინებს.

ბეჭდვა